აშშ-ს კონგრესის განცხადება

გეგეშიძე: ტერნერზე ზემოქმედება საქართველოდან მოახდინეს

Bill Koplitz / FEMA Photo Library

საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით ისაუბრა. გეგეშიძემ აღნიშნა, რომ კონგრესის შესაბამისი კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებით მანიპულირება საქართველოსთვის სახიფათოა. 

”იმ გამოწვევებიდან გამომდინარე რაც საქართველოს წინაშე დგას, ამ საკითხებით მანიპულირება ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. კონგრესმენი ტერნერი ერთი კვირის წინ მხარს უჭერდა, საქართველოსთვის ძალიან ძლიერ მხარდამჭერ დებულებას, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობდა. ერთი კვირის თავზე ის რადიკალურად იცვლის თავის პოზიციას და ინიცირებას ახდენს ამ ჩანაწერისა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ საქართველოდან, იგი დაექვემდებარა ცალმხრივ ინფორმაციულ ზემოქმედებას. ჩანაწერის სულისკვეთებიდან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა ვინ შეიძლება ყოფილიყო. ”,- განაცხადა გეგეშიძემ. 

ამ თემასთან დაკავშირებით არჩილ გეგეშიძემ ტელეკომპანია იმედთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სულ რაღაც ერთ კვირაში ბატონმა ტერნერმა, უცებ შეიცვალა თავისი პოზიცია და ჩაანაცვლა დებულება ამ ძალიან, გაუწონასწორებელი და ხისტი პოზიციით.”

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

კომენტარები