აშშ-ს კონგრესის განცხადება

წულუკიანი: კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლოა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უსაფრთხოების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობის დოკუმენტის გადახედვასთან დაკავშირებით ისაუბრა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ კონგრესის შესაბამისი კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმული ეჭვები მაღალჩინოსნების პოლიტიკური მოტივით დაკავებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. 

"კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი არის უსაფუძვლო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში გვინდა დავამკვიდროთ სამართლებრივი კულტურა, რომლის პირობებშიც, არც ხელისუფლებში და არც ოპოზიციაში ყოფნა არ არის სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი", _ განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის დოკუმენტს (Statement of Congres on Defence Cooperation with Georgia) გადახედავს. შესწორებების ტექსტმა შესაბამისი კომიტეტი უკვე გაიარა. 

 ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

 აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული.”

კომენტარები