ტერორისტული აქტის მცდელობა

შსს: ტერორისტული აქტის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღვკვეთეთ

ნინო გიორგობიანი
შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღკვეთეს. სამინისტროს ცნობით, დღეს გამთენიისას, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს, რომელთა დროებითი საცხოვრებლიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება - სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

"ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ვინაიდან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები