ძალადობა

თბილისში კიდევ ერთ ლგბტ პირს გაუსწორდნენ ფიზიკურად

identoba.com

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ცნობით, თბილისში, კიდევ ერთ ლგბტ პირს გაუსწორდნენ ფიზიკურად. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 23 მაისს, დაახლოებით 3 საათზე მოხდა.

"ო. 23 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე, თურქული ბარიდან გადავიდა და რუსთაველისკენ გაემართა ვარდების მოედნის სკვერის ქვემოთ განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელით. გადასასვლელში მას ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეხვდა; ჯერ სიგარეტი სთხოვეს, შემდეგ შარვლის სიგრძეზე შეედავნენ, "პიდარასტი" უწოდეს და სასტიკად სცემეს. მოძალადეებმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს ო.-ს ცემა, როდესაც გამვლელი ქალი გამოჩნდა. მისი დანახვისთანავე მოძალადეები გაიქცნენ. დაზარალებული სასტიკად არის ნაცემი და გადარჩენას გამვლელს უმადლის. მას დაზიანებული აქვს ზურგი და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა მის ცხოვრებაში, როდესაც მსგავსი მოტივით უსწორდებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აგრძელებს 17 მაისსა და შემდგომ დღეებში დაზარალებულთა შემთხვევების დოკუმენტირებას. რაც შეეხება ხსენებულ პიროვნებას, ის აპირებს პოლიციას მიმართოს.

"ო. პოლიციაში სარჩელის შეტანას აპირებს. მან იდენტობას დახმარების მიზნით მიმართა. ო. არ არის ორგანიზაციის წევრი. შემთხვევის შესწავლის შემდეგ იდენტობა მის საქმეს, შემდგომი რეაგირების თხოვნით, სახალხო დამცველსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გადასცემს", - ნათქვამია იდენტობის განცხადებაში. 

კომენტარები