17 მაისის აქცია - შეფასებები

ანიტა რაჭველიშვილი: ვგმობ რასიზმს, ვგმობ ფაშიზმსა და ვგმობ ძალადობას

Salvatore Sportato / anitarachvelishvili.com

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ტაბულას რედაქციას ღია წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვგმობ ყოველგვარ ძალდობას. რაც 17 მაისს მოხდა, სამწუხაროდ, სამარცხვინო მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის რასიზმისა და ფაშიზმის გამოვლენა, რაც ჩვენს ერს არ ახასიათებს. ერს, რომელმაც შეიფარა ებრალები, ერს, რომელსაც სხვა ერებთან ტკბილი თანაცხოვრება არასდროს გასჭირვებია, ერს, რომელიც მაღალი კულტურითა და განათლებით გამოირჩეოდა... რაც მოხდა, არის დაკავშირებული ასევე ქართველი ერის გარკვეული ნაწილის გაუნათლებლობასთან, იმ ნაწილის, რომელსაც ჰომოსექსუალი ავადმყოფი ჰგონია, რომელიც იკურნება... მინდა, ამ ნაწილს მოუწოდო, მეტი ინფორმაცია მოიპოვონ გარკვეული კატეგორიებისა და მოვლენების შესახებ და შესაძლოა, მომავალში ნაკლები აგრესიით შეხვდებიან ამა თუ იმ მოვლენას.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შორს დაიჭირა თავი ამ სამარცხვინო მოვლენებისგან, სამწუხაროდ, 17 მაისის ძალადობამ მაინც ბევრი ზიანი მიაყენა საქართველოს სახეს მსოფლიო ასპარეზზე. ამჟამად ცხადია, რომ თითქმის შეუძლებელია ჩვენი ნატოში ან ევროკავშირში შესვლა, რადგან საზღვარგარეთის პრესამ ისლამურ ქვეყნებს შეგვადარა და ეს ძალიან მძიმე ფაქტია.

ვხედავ ძალიან დიდ გაუნათლებლობასა და რელიგიურ ფანატიზმს საქართველოში და ეს ძალიან მაშინებს. 17 მაისის კადრებს რომ ვუყურებ, თვალწინ მიდგება ზოგიერთი ისლამური ქვეყნის მანიფესტაციები, რომელიც მკვლელობითა და უკიდურესი ძალადობით მთავრდება. რამდენადაც შორს არ უნდა იყოს ჩვენი ტრადიციებისგან ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, ჩვენ მაინც დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოდ ვრჩებით და ასეთი რამ დაუშვებელი იყო. დემოკრატიის მთავარი პრინციპი დაავიწყდათ ქართველებს და ეს არის თავისუფლება. თითოეული ქართველისთვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საუკუნეების მანძილზე სწორედ თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და ამ დღეს ჩვენი ასეთი სამარცხვინო საქციელით, ჩვენივე ხელით თავისუფლება დავკარგეთ.

მტერი რომ მოგვადგეს ხვალ, დამხმარე და ხელისმომწოდებელი აღარავინ გვეყოლება და ეს ჩვენი ბრალია. მე ვგმობ რასიზმს, ვგმობ ფაშიზმსა და ვგმობ ძალადობას".

კომენტარები