მედია

გენერალური პროკურორის თქმით, Associated Press-ის სტატიამ ამერიკელი ხალხი საფრთხეში ჩააგდო

Associated Press

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის ერიკ ჰოლდერი საინფორმაცია სააგენტო Associated Press-ის (AP) სატელეფონო ჩანაწერების ფარულად ამოღების სკანდალს გამოეხმაურა. ჰოლდერის თქმით, სააგენტოს სტატიამ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სატელეფონო ჩანაწერების ამოღება.

2012 წლის მაისში AP-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მკითხველს ატყობინებდა, რომ ცენტრალური დაზვერვის სამსახურმა იემენში ალ ყაიდას ტერაქტი ჩაშალა. ტერორისტებს ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის წლისთავზე თვითმფრინავის აფეთქება სურდათ. AP-ის ცნობით, ინფორმაცია მათ აშშ-ის მთავრობაში მომუშავე ანონიმურ წყარომ მიაწოდა.  

სტატიის გამოქვეყნებისთანავე გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა კლასიფიცირებული ინფორმაციის გაჟონვაზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის დეპარტმანეტმა 550 ადამიანი დაკითხა და ათეულობით ათასი დოკუმენტი დაამუშავა, რათა დაედგინა თუ საიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. გამოძიების ფარგლებში ფედერალურმა ბიურომ AP-ის გასული წლის 2 თვის სატელეფონო ჩანაწერებიც ამოიღო, თუმცა ამის შესახებ საინფორმაცია სააგენტოს არ შეატყობინა. 

AP-ის თქმით, მათ სატელეფონო ჩანაწერების ფარულად მოპოვების შესახებ მხოლოდ გასულ კვირაში აცნობეს. საინფორმაცია სააგენტომ 13 მაისს იუსტიციის დეპარტამენტს საპროტესტო წერილი მიწერა და გამოძიების ქმედება მედიაორგანიზაციაში "მასიურ და უპრეცედენტო შეჭრად" შეაფასა.

 

კომენტარები