უშიშროების საბჭოს მდივანი

ბოკერია: ფუნდამენტურად არ ვეთანხმები გამოძიების პრეტენზიებს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდებები უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით "უსაფუძვლოა" და "აბსურდული".
"ეს პროცესი დაიწყო დეკემბერში. შეშფოთების საფუძველია არა გამოძიება, არამედ ამ ყველაფრის ანატომია. პრემიერმინისტრი ძალიან გაბრაზდა დასავლურ პრესაში დაბეჭდილ ერთ-ერთ პუბლიკაციაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ ვიცით, ვინ დგას ამის უკან - ეს არის ბოკერიაო და იქვე დაგვემუქრა, გამოძიებას ჩავატარებთო. შეუძლიათ გამოიძიონ ყველაფერი, მაგრამ პრეტენზიებს, რომ სახსრები პრიორიტეტების მიხედვით არ იყო დახარჯული, ფუნდამენტურად არ ვეთანხმები. პოლიტიკურადაც არ ვეთანხმები, რომ არაღიარება, NATO-ს მიმართულება, შტატებთან დაახლოება და საქართველოს ინტერესების ლობირება არ უნდა ყოფილიყო ამ უწყების პრიორიტეტი. სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბარი საერთოდ აბსურდად მიმაჩნია, მაგრამ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ისინი იძიებენ", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა იქვე განმარტა, რომ პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრებს არაერთხელ შეუთვალა, რომ "თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, მაშინ დაგიჭერთო".
გიგა ბოკერიამ შეაფასა ის დამოკიდებულებაც, რაც პრემიერს ოპოზიციისა და მისი უწყების მიმართ გააჩნია.
"საგარეო კურსსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობა ვერ შედგა. მე არ ვარ მიუკერძოებელი ადამიანი, მაგრამ ზედაპირზე დევს, რა არჩევანი გააკეთა პრემიერმინისტრმა... მას ჰქონდა მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენთან საქმის დაჭერა არ უნდოდა. ჩემი აზრით, ესაა მძიმე შეცდომა, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. პრემიერმინისტრს შეხვედრაზე ისიც შევთავაზე, უშიშროების საბჭოც შევკრიბოთ-თქო, მაგრამ ამ წინადადებას არანაირი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ ახლაც მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ვხედავთ ფუნდამენტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას - ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას, ტერორიზმზე ასეთ უპასუხისმგებლო და გაუგებარ განცხადებებს და ზოგად დამოკიდებულებას ოპონენტის მიმართ, რომ მისი არსებობა მიუღებელია. ის კი არა, რომ არ ვეთანხმები, ან საერთოდ არ მომწონს, რაც ნორმალურია... პრობლემა არის საქმის ასე დაყენება, ამ ხალხთან საქმის დაჭერა არ მინდა. არალეგიტიმურია საერთოდ მათი არსებობა - პრემიერი ასე აყენებს საკითხს თითქმის ყველა მის გამოსვლაში... სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრმა ეს დამოკიდებულება ვერ დაძლია", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები