სასკოლო სახელმძღვანელოები

მარგველაშვილი: ცხრა წლის მანძილზე გამომცემლების ღვაწლი ანაზღაურდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სასკოლო წიგნების გამომცემლები სახელმძღვანელოების ავტორებს მიზერულ თანხას უხდიდნენ. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა 11 აპრილს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„გუშინ შევხვდი ავტორებს. შოკირებული ვიყავი იმ გროშებით, რამდენსაც თურმე ისინი ხშირ შემთხვევაში იღებენ გამომცემლებისგან. ეს პოლიტიკა შეიცვლება და სამუშაოს, რომელსაც სამინისტრო შეუკვეთავს ავტორებს, ექნება ბევრად უფრო ღირსეული ანაზღაურება“, - განაცხადა მარგველაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ახლა გამომცემლები ავტორებს შრომას აუნაზღაურებენ:

„არიან გამომცემლები, რომლებიც იაზრებენ ვითარებას, იაზრებენ იმას, რომ ფაქტიურად ჩვეულებრივი მოსახლეობის მუდმივი გაღატაკების და გადუხჭირების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა და ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის რეჟიმში. ამ გამომცემლებთან არა მარტო დაიწყება დიალოგი, ეს დიალოგი მიმდინარეობდა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში...  იმედი მაქვს, რომ გამომცემლები, რომლებსაც ახლა ანგარიშზე დაუჯდებათ მილიონები ისე, რომ ისინი კაპიკს არ დახარჯავენ, ისე არ მოექცევიან ავტორებს, რაც გუშინ გავიგე. მათ თქვეს, რომ თურმე არაფერს არ მისცემს მათ გამომცემელი“.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი სამინისტრო მთლიანად იმ კონტრაქტის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც დახვდათ, რადგან მათთვის მთავარი ამოსავალი სამართალია.

მარგველაშვილმა მისი სამინისტროს ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც აღნიშნა და განაცხადა, რომ „ძალიან საინტერესო თემაა საქართველოში ექსპერტი. ამბობს და არგუმენტი არ გააჩნია. წავიდნენ, ნახონ რა ეფექტი აქვს ამას ჩვეულებრივი ოჯახისთვის“.

მარგელაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ გამომცემლებს  ცხრა წლის მანძილზე გაწეული ღვაწლი უკვე საკმარისად აუნაზღაურდათ:

„9 წლის განმავლობაში საშუალოდ 50 მილიონის ბაზარი, გადაამრავლეთ ცხრა წელზე - ნახევარი მილიარდი ლარი, ამოღებულია ადამიანების ჯიბეებიდან, რომელთაც რეალურად უხდებოდათ საჭმლის გატანა სახლიდან, იმისათვის, რომ ადეკვატური განათლება მიეცათ შვილებისთვის. ცხრა წლის განმავლობაში, ვფიქრობ, რაღაცნაირად ანაზღაურდა ის დიდი ღვაწლი, რაც გამომცემლობებს აქვთ. გადაამრავლეთ ეს თანხა ცხრა წელზე და შემდეგ მესაუბრეთ ადეკვატურობაზე და მორალზე, როდესაც ეს ფული ამოდიოდა ხალხის ჯიბიდან, რომელსაც პროდუქტი გაქონდა სახლიდან, იმისთვის რომ ბავშვისთვის მიეცა ის, რისი უფლებაც მას აქვს. ეს ბაზარი თურმე ცხრა წელი ხომ შეერგოთ და კიდევ მე მესაუბრებით სამართლიანობაზე? ჩემთვის არ იდგა სერიოზული მორალური დილემა - რამდენი შეხვდება. რაზეა ლაპარაკი - გეგონება წილებს ვიყოფთ აქ. მილიონი ჯდება მათ ანგარიშებზე, კეთილი ინებონ და იმ ავტორებს რომ მართლა კაბალური პირობებით ამუშავებენ, ეხლა მისცენ ფული. „ადეკვატური“, „რამდენი შეხვდება“ - ეს მორალური დილემა არ მქონია. მქონდა საკანონმდებლო და იურიდიული პროცესი, რომელშიც მართალი ვარ და მქონდა მორალური პროცესი - რომ ბავშვებს, რომლებსაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ ჰქონდათ, იმათთვის არ დაეკლოთ მშობლებს ეს ფული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მინისტრისვე თქმით, ინიციატივის შედეგად სახელმძღვანელოების ხარისხი არ დაეცემა: „ბეჭდვის ხარისხი ამ ეტაპზე ამაღლდება, იმიტომ, რომ ბევრი სტანდარტის დაცვა და გაკონტროლება მოხდება თუნდაც უვნებლობასთან მიმართებაში“, - ამბობს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, მომავალ სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს სახელმწიფოსგან მიიღებს. ამასთან, სასკოლო წიგნებს სახელმწიფო გამომცემლობების გვერდის ავლით დაბეჭდავს, რაც გამომცემლების პროტესტს იწვევს.

 

კომენტარები