საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანს ტიბერმანსს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ტიბერმანსმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად მყარი საფუძველი არსებობს.
"არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშავოთ. საქართველოსთან კონკრეტულად ასოცირების შეთანხმების შესახებ ვსაუბრობთ, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის", - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები შეაფასეს.
დღესვე მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ ჟანინ ჰენის-პლასჩერტისთან გამართა.





