სამხედრო მოსამსახურეები

ვაზიანის ბაზაზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა

დღეს, 22 მარტს, ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, ირაკლი ძნელაძე. ცერემონიას, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. 

ირაკლი ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

 "თქვენ ქმნით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებს. ეს გამოცდილება გახდება საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეაგირების მქონე ძალების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ერთად საქართველოს მომავალი განვსაზღვრეთ, რომ ის უნდა იყოს ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. თქვენ ხართ ამ ისტორიული მისიის ნაწილი. საქართველოს მსოფლიოში თუ აქვს სანდო პარტნიორის იმიჯი, ეს არის თქვენი დამსახურება. პირველ რიგში ერთმანეთს და თავს გაუფრთხილდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მისია შეასრულოთ და უვნებელი დაბრუნდეთ საქართველოში", - განაცხადა ალასანიამ.

ჯარისკაცებს სიტყვით აშშ-ის ელჩმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ''შესანიშნავად არიან მომზადებული და შესანიშნავად გაართმევენ თავს დასახულ ამოცანებს''.

''მე გახლავართ ის ადამიანი, რომელმაც პირადად იმსახურა ავღანეთში, როგორც დიპლომატმა და არა  ჯარისკაცმა. ამიტომ თქვენ მიმართ მაქვს განსაკუთრებული პატივისცემა. თქვენი შრომით თქვენ ხელს უწყობთ, რომ ნორმალური ცხოვრება მოუტანოთ ავღანელ ხალხს, თქვენი საქმით კარგს აკეთებთ ავღანეთისთვის და საქართველოსთვისაც. თქვენი მონაწილებით   საბრძოლო გამოცდილებას აიმაღლებთ და წვლილს შეიტანთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გახდეს უფრო თავდაცვისუნარიანი და NATO-სთან თავსებადი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა, სერჟანტები შოთა ტყაბლაძე და მალხაზ ძებისაური, ავღანეთში წინა წელს გაწეული ღვაწლისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალების მედლით დააჯილდოვა.

 

კომენტარები