სამხედრო მოსამსახურეები

ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების სახელით, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით წერილი გავრცელდა

მე-4 ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით საუბრობენ. წერილში ლაშა გოგიტიძე და ლევან ირემაშვილი "ქართული ჯარის გაძლიერებაში ახალაიასა და კალანდაძის შეტანილ წვლილზე" საუბრობენ.

როგორც წერილშია ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჯარს სათავეში სჭირდებოდა ჯგუფი, რომელიც "შეძლებდა მათთვის მორალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას''.

"სწორედ ამ დროს მოვიდა თავდაცვის მინისტრად ბატონი ბაჩო ახალაია, რომელიც წარმოუდგენელი მონდომებით შეუდგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჯარის შენებას; მორალურ კუთხეს და ჯარისკაცების გვერდში დგომას, რაც ამ ადამიანმა გამოხატა იმით, რომ თვეობით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სხვადასხვა ბრიგადებში და ჯარისკაცებთან ერთად იზიარებდა ჯარისკაცული ცხოვრების სირთულეებს. გარდა ამისა, ამ ადამიანის მინისტრობის დროს დაინიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ გიგი კალანდაძე, რომელმაც შეძლო ერთ მუშტად შეეკრა ქართული შეიარაღებული ძალები და მისი პატრიოტიზმი გადამდები ყოფილიყო თითოეული ჯარისკაცისათვის. ასევე უდავოა ის რეფორმები და აღჭურვილობა, რომელიც განხორციელდა და შეძენილ იქნა ამ ადამიანების დაჟინებული სურვილის გამო. ყოველთვის ბაჩო ახალაიას ამოსავალი წერტილი იყო ჯარის სიძლიერე, მომზადებულობა და დაცულობა. სამწუხაროდ, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ იმ უამრავ ზღუდესა და დაცვის ობიექტებზე, რაშიც ბევრი ოფლი და შრომაა ჩადებული სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია წერილში.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ჯარის ახლანდელ მეთაურებს მოუწოდებენ, "მორალურად და ფსიქოლოგიურად ნუ დაანგრევენ ჯარში მომსახურე ბიჭებს".

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით დიდ ბრიტანეთში და ამაზე ჩვენზე მეტად, დამერწმუნეთ, არავის შესტკივა გული. უბრალოდ, ჩვენმა კეთილის მსურველებმა დროულად გაგვანდეს დღევანდელი ხელისუფლების გეგმა, რომლის ნაწილი შესრულებულია და იდევნება ჯარის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომ მათ რიგებში ერთ-ერთი პირველები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით და თვითონ დაგვეხმარნენ, დაგვეტოვებინა საქართველო. იმედია, ეს განცდა მალე დასრულდება და მოგვეცემა საშუალება, ყველა პატრიოტმა ერთად ვაკეთოთ ჩვენი საქმე", - აღნიშნულია გოგიტიძისა და ირემაშვილის წერილში. 

კომენტარები