ფოთი

ივანიშვილი: თუ ბესელია ამბობს, რომ მე მას ჩავაბარე ფოთი, გარწმუნებთ, ის პარტიიდან გაირიცხება

"თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მე მას ჩავაბარე ფოთი, გარწმუნებთ, საკმარისი იქნება და ის პარტიიდან გაირიცხება", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრა იმაზე, რომ მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას "შეუზღუდავი ძალაუფლება" აქვს ფოთში და იქვე ჰკითხა ივანიშვილს, ნამდვილად "ჩააბარა" თუ არა მან ბესელიას ფოთი.
“როგორ შეიძლება მე ვინმეს ჩავაბარო რამე, რაც ჩემი არაა, პიჯაკი შეიძლება ჩავაბარო ჩემი, მაგრამ ფოთი ჩემი საკუთრება არაა. თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მე მას ჩავაბარე ფოთი, გარწმუნებთ, საკმარისი იქნება და ის პარტიიდან გაირიცხება. ის გუნდიდან გაირიცხება მხოლოდ ამ ფრაზისთვის. ეს არის ამაზრზენი, რომ მე თავს უფლება მივცე ეს ვუთხრა ბესელიას და შემდეგ ბესელია ამას ამბობდეს. ეს წარმოუდგენელია ჩემთვის და აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
ჟურნალისტმა დააკონკრეტა, რომ მას ბესელიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია, ვინაიდან ეს დეპუტატმა მას პირად საუბარში განუცხადა. პრემიერმა კი მას კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა".  

კომენტარები