რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

ზაქარეიშვილი: პრეზიდენტი სამინისტროსთვის სახელის შეცვლას არ ეხმაურება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი  მისი სამინისტროსთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

"ადრე ამ უწყებას ერქვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ეს სახელი შეიცვალა და დაერქვა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აფხაზებმა და ოსებმა ეს მიიღეს ძალიან უარყოფითად და ისედაც გართულებულ და დისტანცირებულ, გაუცხოების პროცესში, კიდევ უფრო გაუცხოვდნენ. ამ ერთ სახელში, მაგალითად რეინტეგრაციაში, მოიყარა თავი ორმა მიმართულებამ - ერთი მხრივ, კონფლიქტებმა, რომელიც რეალურად არსებობდა, მეორე მხრივ, ნამდვილმა ინტეგრაციამ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აფხაზებმა და ოსებმა უცებ ჩათვალეს, იმის მაგივრად, რომ კონფლიქტები მოაგვარონ ქართველებმა ჩვენთან, აღმოჩნდა, რომ მათ უკვე მოგვარებული აქვთ კონფლიქტები და ახლა თუნდაც აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და სხვასთან ერთად აპირებენ ჩვენს ინტეგრაციას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრი გახდა, ''აფხაზურ და ოსურ მხარეებს შეჰპირდა, რომ აუცილებლად შეცვლიდა სამინისტროს სახელს'', თუმცა პრეზიდენტს არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია. 

"მართლაც გვინდოდა ახალ წლამდე მოგვესწრო და ნოემბერში გავიტანე მთავრობის სხდომაზე. ნოემბერშივე გადაეგზავნა მიხეილ სააკაშვილს ხელმოსაწერად. დღემდე არ არის ხელმოწერილი და არც არავითარი ან დადებითი, ან უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა. არც ის უთქვამს - ან არ ვარგა, ან მიუღებელია", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

რაც შეეხება უწყების ახალ სახელს, ზაქარეიშვილი მას არ ასაჯაროებს, რომ წინასწარ არ მოხდეს სახელის დისკრედიტაცია, "ვინაიდან აფხაზებისთვის და ოსებისთვის ნებისმიერი სახელი მიუღებელი იქნება''.

კომენტარები