საქართველოს პარლამენტმა 75 ხმით, 1-ის წინააღმდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებიო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. ამ ინიციატივით პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა. 21 თებერვალს ამ საპარლამენტო კომიტეტში შპს-ების - ახალი ქსელების, ახტელისა და სისტემ ნეტის გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან დარღვევებს ეხებოდა.
კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას.
პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნება, ხოლო მისი შემადგენლობა 12 დეპუტატით განისაზღვრება. კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.





