საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ პრემიერი და პრეზიდენტი NATO-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს შეიმუშავებენ.
"ჩვენ ვერ გვიპოვით ვერცერთ გამონათქვამს, ვერცერთ დოკუმენტს, რომელშიც იყოს რაიმე სხვა, გარდა ევროპული გზისა. ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამიტომ დისკუსია ამის თაობაზე ყურით მოთრეულად მიმაჩნია, რადგან ძალიან მკაფიოა საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და NATO-სკენ. ამაზე მუშაობს არა მხოლოდ ჩემი სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. აქედან გამომდინარე, მთელი ეს დისკუსია ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხეშია, იყო მხოლოდ იმისთვის განკუთვნილი, რომ არასწორი შთაბეჭდილება შეექმნათ ახალ მთავრობაზე" - აცხადებს ფანჯიკიძე.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება, ასევე შესაძლებელია: "მე მიმაჩნია, რომ ეს რასაკვირველია, შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ეს ჩემთვის სრულიად ბუნებრივია".
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერი მზად არის, პრეზიდენტთან ერთად ხელი მოაწეროს ერთობლივ მიმართვასა თუ განცხადებას, NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.





