რუსეთის ბაზარი

ონიშენკომ ქართულ საწარმოებში სისტემური ნაკლოვანებები აღმოაჩინა

რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, ღვინის და მინერალური წყლების მწარმოებელი ქართული საწარმოების ინსპექციისას, რუსმა ექსპერტებმა მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინეს, თუმცა ისინი გამოსწორებას ექვემდებარება - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ბიზნეს გრუზია ავრცელებს.

„ეს ნაკლოვანებები არა მხოლოდ ცალკეული, არამედ სისტემური ხასიათისაა. მაგრამ, ექსპერტების აზრით, ისინი დაძლევადია“, - ამბობს ონიშენკო.

სააგენტოსვე ცნობით, რუსი ექსპერტების ვიზიტს წარმატებულად აფასებს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან დავითაშვილი. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი კი იტყობინება, რომ მარტში საქართველოში რუსი სომელიეების ჯგუფი ჩამოვა, ამჯერად მხოლოდ დეგუსტაციისთვის.

თავის მხრივ, სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინება, რომ როსპოტრებნადზორი მომდევნო კვირის მანძილზე გადაწყვეტს, თუ რომელი ქართული საწარმო შეძლებს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას.

„დღეს გამართული განხილვის შემდეგ, სპეციალისტები დაწვრილებით ანგარიშს მომიმზადებენ ჩატარებული სამუშაოს თაობაზე და გადავწყვეტთ, თუ რომელ საწარმოს დავუშვებთ. შემდეგ მეორე ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილებას მივიღებ - რაც შემოწმებული საწარმოების პროდუქციის ჩვენს ლაბორატორიებში რეგისტრაციას გულისხმობს“, - განაცხადა ონიშენკომ.

რუსეთის მთავარი სანიტარის თქმით, ექპერტებმა ყველა დაგეგმილი საწარმო შეამოწმეს, გარდა შავნაბადის მონასტრისა და ვაინმენისა: „მათ უბრალოდ უარი თქვეს, ჩათვალეს, რომ ვერ შეძლებენ ღვინის რუსულ ბაზარზე გატანას. სხვა საწარმოებში მუშაობისთვის ნორმალური პირობები იყო“, - ამბობს ონიშენკო.

ქართული პროდუქციისთვის რუსეთმა ბაზარი 2006 წელს დახურა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, შესაძლოა, მოიხსნას, რუსებმა ქართული საწარმოების შემოწმება დაიწყეს. ინსპექციის პირველი ეტაპი 25 თებერვლიდან 1 მარტამდე მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე როსპოტრებნადზორის თანამშრომლების სამი ჯგუფი 40-ზე მეტი საწარმოში იმყოფებოდა. ინპექციის მსვლელობისას, ონიშენკო მათი უკან გაწვევითაც დაიმუქრა და საქართველო პრეზიდენტის მხრიდან „შეურაცხყოფების“ შეწყვეტა მოითხოვა. რუსეთის სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა საქართველოს პატრიარქმა.

 

 

კომენტარები