რუსეთის ბაზარი

"ასკანელი ძმები": რუსეთის სანიტარულ სამსახურს ჩვენი ღვინო არ დაუბლოკავს

კომპანია "ასკანელი ძმების" განცხადებით, რუსეთის სანიტარულ სამსახურს მათი ღვინო არ დაუბლოკავს. კომპანიის შეფასებით, სახეზეა რიგითი გაუგებრობა.

"კომპანიის ღვინო სამ თვეზე მეტია იგზავნება რუსეთის ფედერაციაში და, ამ დრომდე, არც პარტნიორი კომპანიებისგან და არც ფედერალური სამსახურისგან ჩვენს პროდუქციას არავითარი პრობლემები არ შექმნია. ჩვენ უკვე მივმართეთ როსპოტრებნადზორის წარმომადგენლობას აღნიშნულთან დაკავშირებით და მათი მხრიდან ჩვენს კომპანიაში არავითარი ნეგატიური წერილი არ შემოსულა. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კომპანია "ასკანელი ძმების" 650 ათას ბოთლზე მეტი ღვინოა გადატვირთული. ამას გარდა, მოხდა "ასკანელი ძმების" კონიაკის ნიმუშების სერტიფიცირებაც და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი ექსპორტი", - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა რუსულ ბაზარზე არ დაუშვა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რეგისტრაციისთვის წარადგინეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსს უწყების ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განუცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტის საკითხს გადახედოს. ონიშჩენკოს თქმით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო უწყებამ რამდენიმე მწარმოებლის პროდუქცია დაიწუნა. მათ შორისაა, Schuchmann Wines Georgia, ასკანელი ძმები, იმედი-96 და ახალშენი-2005.

კომენტარები