თეა წულუკიანი

ხმალაძე: თუ წულუკიანს იურიდიული განათლება არ აქვს, მინისტრად არ უნდა დანიშნულიყო

თუ თეა წულუკიანს იურიდიული განათლება არ აქვს, მას არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ გადაცემა პოზიციაში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მთავარი პროკურორის რანგში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერად ვერ ჩაითვლება.

"ნებისმიერი მინისტრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და არცერთი პირისთვის არ არის დაწესებული განათლების ცენზი. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იუსტიციის მინისტრი და ისიც "პროკურატურის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებების გამო, რითაც იუსტიციის მინისტრი აქციეს მთავარ პროკურორად. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორებს მოეთხოვებათ ბევრი რამ, მათ შორის განათლების ცენზი, იუსტიციის მინისტრსაც ეხება ეს. მე არ ვიცი ქალბატონ თეა წულუკიანის განათლების დოკუმენტში რა წერია, მაგრამ თუ მას იურიდიული განათლება არ აქვს, მაშინ არ ჰქონდა უფლება დაეკავებინა ეს თანამდებობა. თუ მას შესრულებული აქვს პროკურორის ფუნქციაც, მისი გადაწყვეტილებაც ვერ ჩაითვლება კანონიერად, ისე, როგორც იმ მოსამართლის, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული განათლება. ესაა გასარკვევი", - აღნიშნა ხმალაძემ.

 

კომენტარები