თუ შემცირდება საერთაშორისო წნეხი რუსეთზე, ახალგორიდან ჩრდილოელი მეზობლის ჯარი არ გავა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
სააკაშვილის განცხადებით, თავის დროზე ჯარი პერევიდან წავიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მას საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთი და NATO „მიაწვა“. სააკაშვილი უმრავლესობის 14-პუნქტიან დოკუმენტსაც გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის მუდმივობას ეხება.
„წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, რომ საქართველო, როგორც პრობლემა, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში უნდა გაქრეს. თუ ეს მოხდება, ჩვენ გავქრებით, როგორც ქვეყანა, რადგან პრობლემა არის, სოფელ ოძისთან, ქსოვრისთან. თუ პრობლემა არის, მაშინ იგი მოლაპარაკებებიდან არ უნდა გაქრეს. თუ გაქრება, ისინი გათავხედდებიან და პირიქით, აქეთ გადმოვლენ შეტევაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისს დღეს, 21 თებერვალს, სტუმრობდა. იგი რაიონში არსებული მდგომარეობით და იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც ამ სოფლის მცხოვრებლებს აქვთ. შეხვედრის მონაწილეები ქვეყნის პირველ პირს რეგიონში არსებულ ვითარებასა და თავიანთ სოციალურ მდგომარეობაზე ესაუბრნენ.





