პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მთავრობა დათხოვოს. მისი თქმით, სიტყვა "ამნისტია" ნაციონალური მოძრაობისთვის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის მიუღებელია. პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს საერთო ენის პოვნისკენ და მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"პარლამენტის ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარეების, ორი დავითის მოლაპარაკებები ძირითადში მიდიოდა კონსტრუქციულად, ჩვენი ძირითადი ხედვა ემთხვეოდა და გვსურდა, ეს მისულიყო შეთანხმებამდე. ამავე დროს, მიუღებელია, რომ თითქოს მე, პრეზიდენტი და ასევე საპარლამენტო უცირესობა ვცდილობდით რაღაც სახის სხვა გარიგებებზე გასვლას. კერძოდ, გაისმა მოსაზრება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტის წევრები ვითხოვდით ხელშეუხებლობის გარანტიებს. მინდა ყველას შევახსენო - ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს მთელი მსოფლიოს თვალწინ საჯაროდ გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი, მას ის არ გაუუქმებია - იმის გამო, რომ მე დავიცავი ჩემი ქვეყანა. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ადგილობრივი წვრილმანი შანტაჟისტების, მაშინ, როცა არ შემეშინდა ბევრად სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის, უხერხული და სასაცილოა. ჩვენ შეგვაფასებს და ჩვენი მსაჯულია მხოლოდ ქართველი ხალხი, საქართველოს ისტორია და არა რომელიმე ახლა მყოფი პროკურორი ან გამომძიებელი. ასევე, სრულიად არ მივიღებ იმ განცხადებას, რომ ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას. სიტყვა ამნისტია ნაციონალური მოძრაობის და ყოფილი მთავრობის მრავალრიცხოვანი აპარატისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს ადამიანები მადლობას იმსახურებენ, რადგან მათი ძალისხმევით თანამედროვე სახელმწიფო შეიქმნა.
"უნდა შეწყდეს მასშტაბური პოლიტიკური დევნა ათობით ათასი ადამიანის, რომელიც ამდენი წელი უანგაროდ ემსახურებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნას. ესაა მნიშვნელოვანი სამართლიანობის განცდისთვის, დემოკრატიის გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს".
სააკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების ინიციატივას, რომ ოპოზიციის წევრებს მასობრივად უნდა აეკრძალოთ ხუთი წლით თანამდებობის დაკავება, ოპოზიციის, როგორც კლასის მოსპობის მცდელობის ელფერი დაკრავს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არასწორი, შურისძიების გზით სიარულით საქართველოს გაუუქმდება ბილეთი მატარებელზე, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში უნდა მიიყვანოს. მისი თქმით, არსებულ რიტორიკას და მასობრივ დაკითხვებს პოლიტიკური ფასი აქვს და ის ქვეყანას ვალად დაედება - ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს რეალისტური შანსი, 2014 წელს საქართველო მოხვდეს NATO-ს გაფართოების ტალღაში.




