მთავარი პროკურატურა

კბილაშვილი: ციხეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, მათი უმრავლესობა კი მოკლულია

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით, უახლოეს ხანში სიახლეს მოისმენს. 

"როცა პროკურატურის ოფისში მივედით, სამი ძირითადი პრიორიტეტი დავსახეთ – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინაშე ჩადენილი დანაშაული, საფინანსო სფეროში დანაშაული და გახმაურებული დანაშაული. ამ დროისთვის გვაქვს გარკვეული პროგრესი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას შეეხება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, თუმცა ამ მხრივ უახლოეს პერიოდში კიდევ მნიშვნელოვან სიახლეს მოისმენთ. პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით 18 სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული ორი ათასი პატიმრისგან აიღო ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარალელურად მოკვლევა მიმდინარეობს საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად.

"2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა, ვინაიდან წინასწარი მონახაზით, რეალობა ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მოკლულია", - აღნიშნა კბილაშვილმა. 
ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, წინასწარი ვარაუდით, საქმე გვაქვს სისტემურ სახელმწიფო დანაშაულთან.
"ვგეგმავთ, რომ როცა ფაქტებს დავდებთ და ეს, სავარაუდოდ, მოხდება მარტის დასაწყისისთვის, მას მივცემთ ისეთ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კბილაშვილის ინფორმაციით, 1-ლი ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით უწყებაში სულ 18.500-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, 100-ზე მეტი საჯარო მოხელე მიეცა პასუხისგებაში.

კომენტარები