"რა გზავნილი უნდა იყოს პოლიციელებისთვის, როდესაც იუსტიციის სახლთან კრიმინალს ძეგლს უდგამენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელის, დავით ქვარაიას მონახულებისას. მისი თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტს ძეგლი მთავრობამ თბილისში, იუსტიციის სახლთან დაუდგა.
"გავიგეთ, რომ არაფრის შენებას არ აპირებენ, მაგრამ უბრწყინვალესად აშენებული იუსტიციის სახლთან დადეს რაღაც მახინჯი ქვა და გაუხსნეს ძეგლი პოლიციასთან შეტაკებაში "გმირულად" დაღუპულ, რუსთავის მე-5 კოლონიის მაყურებელს - ხუბულოვს. როდესაც პოლიციასთან შეტაკებაში დაღუპულ კრიმინალურ ავტორიტეტს მთავრობა უხსნის თბილისის ცენტრში ძეგლს, რა მესიჯი და გზავნილია ეს პოლიციელებისათვის?", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლის წინ თეა წულუკიანმა 2004- 2012 წლებში დაღუპული ადამიანების მემორიალი გახსნა.





