ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია: სა­ქარ­თვე­ლო არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა და  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცეპრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 8 თებერვალს მომხდარი ყოვლად გაუმართლებელი ძალადობა  შოკისმომგვრელია ევროპის საზოგადოებრივი აზრის, ევროკავშირის ლიდერებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.  მათ აღნიშნეს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მთავრობის არადემოკრატიული ქმედებების გამო კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი ხდება.

"ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია, ვერ დაკმაყოფილდება აღნიშნული მოვლენების მხოლოდ დაგმობით. ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად დიდია. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოვლენა არ არის იზოლირებული ინციდენტი, ვალდებულნი ვართ იგი საერთო კონტექსტში განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სახალხო პარტია იმედგაცრუებული დარჩა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ჩვენ მივესალმეთ არჩევნების წარმატებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. ხელისუფლების დროულად გადაცემამ გვაფიქრებინა, რომ საქართველო მალე შეუერთდებოდა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბს. სამწუხაროდ, ეს იმედი ხანმოკლე აღმოჩნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს ახალი ხელისუფლება მუდმივად არღვევს დემოკრატიული პოლიტიკის მთავარ წესებს, რაც არაერთხელ იქნა დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის და სხვების მიერ. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობაში გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან კონსტრუქციული რიტორიკის მცდელობების მიუხედავად, ხშირად სიტყვებს შესაბამისი ქმედებები არ მოსდევს, რის გამოც მდგომარეობა დრამატულად უარესდება. წლების განმავლობაში მოთმინებით ნაშენები თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ნგრევის პროცესისთვის თვალყურის დევნება მეტად არასასიამოვნო სანახაობაა. სამწუხაროა ცქერა იმისა, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, რისი ნეგატიური შედეგებიც საქართველოს მოქალაქეებზე ჰპოვებს ასახვას", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის უჭერდა მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, რომელშიც ყველაზე წარმატებული სახელმწიფო საქართველოა. 

"საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობები ემყარება რწმენას, რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს და ერთობლივად დავიცავთ მათ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები სწორედ ამ კონტექსტში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო ვეღარ აკმაყოფილებს ამ დიალოგის გაგრძელებისთვის საჭირო პირობებს. აღნიშნული წარმოადგენს ძალიან სამწუხარო ფაქტს, მაგრამ ევროპის კავშირს არ ძალუძს საკუთარი ფუნდამენტური ფასეულობებისა და სტანდარტებიდან უკან დახევა.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს ევროპის კავშირის არსს. მცდარი იქნებოდა წარმოდგენა იმისა, რომ ევროკავშირი მოახდენდა ისეთი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომლებიც არღვევენ ამ ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი მოვლენათა ამგვარ განვითარებას არასოდეს დაუშვებს. ასოცირების ხელშეკრულების დასრულება და ხელმოწერა ქვეყანასთან, რომელიც აღარ სცემს პატივს აღნიშნულ პრინციპებს, შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციაა, რომელიც 2002 წლიდან  ევროპულ საბჭოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ამ პარტიის წევრები არიან როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი. ევროპის სახალხო პარტია  აკონტროლებს უმრავლესობას  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკომისიაში. 

კომენტარები