შსს თბილისის მერს, გიგი უგულავას აფრთხილებს, რომ თუ ის არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმის სახით წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა და მისი იძულებით მოყვანა საგამოძიებო ორგანოში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს ახალი წესი ამოქმედდება 2013 წლის 1 დეკემბრიდან.
დღეისათვის გამოძიების ეტაპზე დაკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით. ის ვალდებულია სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გიგი უგულავა დაკითხვაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო დაიბარეს. თბილისის მერი სამართალდამცავებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში ელოდება. მასთან ერთად გამოძიება გიორგი კანდელაკისა და ლევან ბეჟაშვილის დაკითხვასაც აპირებს.





