აქცია

დაირღვა თუ არა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი

როგორც ტაბულასთან საუბარში თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტი ოთარ კახიძე ამბობს,  შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი დაირღვა, როდესაც ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე შეკრებილმა პირებმა შენობის კარი შეამტვრიეს, ამასთან, სათანადოდ არ იმოქმედეს სამართალდამცავებმა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ვკითხულობთ:

"მუხლი 11

3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.

ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას.

თუ ორგანიზატორმა დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს".

ამასთან, ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას პრობლემები შეექმნათ ჟურნალისტებს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მანიფესტაციის მონაწილეებმა თავდაპირველად მოითხოვეს, ჭყლეტაში მოყოლილ ჟურნალისტებთან ერთად შენობაში შესვლის უფლება მათთვისაც მიეცათ. პოლიცია ამ დროს უმოქმედოდ იყო. ბოლოს, აქციის მონაწილეებმა თავად გადაწყვიტეს, ჟურნალისტებისთვის გზა გაეხსნათ.  

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ვკითხულობთ:

"შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით".

 

 

 

კომენტარები