საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ სარჩელი არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საქართველოს მოქალაქეების, ირმა ინაშვილის, იოსებ მანჯავიძისა და დავით თარხან-მოურავის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა. 

"აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა" , - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეესაბამებოდა ''კონსტიტუციის მე-17 და 28-ე მუხლებით განმტკიცებულ ადამიანის ღირსებისა და საარჩევნო უფლებებს''.

მოსარჩელეების განმარტებით, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩიეს, ხოლო კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გაიზარდა 18 თვით, რითაც ''ამომრჩეველს დაერღვა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლებები''. 

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მას არ გააჩნია ''კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილება'' და სარჩელს განსახილველად არ იღებს. 

''თავად კონსტიტუციის ტექსტიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია რომელიმე კონსტიტუციური მუხლისთვის უპირატესი მნიშვნელობის მინიჭება და ამის საფუძველზე კონსტიტუციის სხვა მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო არის უფლებამოსილი კონსტიტუციური კანონის მიღების გზით კონსტიტუციის ტექსტში შეიტანოს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები. ამდენად, არასწორი იქნება თუ სასამართლო უცვლელ კონსტიტუციურ ნორმებს თავად შექმნის'' , - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები