ნაციონალური მოძრაობა

მერაბიშვილი: ერთადერთი, რაც საქართველოში გაიაფდა, ეს არის ნარკოტიკები

დღეს პრემიერი ივანიშვილი აპირებდა თავის 100 დღეზე ესაუბრა, თუმცა მთელი თავისი 3-საათიანი გამოსვლის 90% მან ნაციონალურ მოძრაობას დაუთმო, - ამ სიტყვებით დაიწყო ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართული საგანგებო ბრიფინგი
სწორედ იმიტომ, რომ პრემიერმა ვერ მოახერხა  თავისი 100-დღიანი მმართველობის შეფასება, ეს მის ნაცვლად მერაბიშვილმა გადაწყვიტა და მოკლედ ასე შეაჯამა: "ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ეს არის ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები.
ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე, და იმ ფონზე, როდესაც მან ციხიდან გამოუშვა ჩახალიანი, ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები, ამის პარალელურად იგი ახორციელებს არნახულ რეპრესიებს საქართველოში. საქართველოში მსგავსი რეპრესიები, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი, ჯერ არ განხორციელებულა. მე მინდა გითხრათ, რომ მარტო თბილისის მერიის 885 თანამშრომელია დაკითხული. ამავე დროს, დაკითხულია 1225 ადგილობრივი მმართველობის თანამშრომელი, დაკითხულია 4430 სოცაგენტი და 1200-ზე მეტი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ექთნები და ასე შემდეგ.
ივანიშვილი საუბრობს გაიაფებებზე. ერთადერთი, რაც საქართველოში გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის ნარკოტიკები და ეტყობა კიდეც ჩვენს ქუჩებს, ჩვენს სადარბაზოებს, ჩვენს ქალაქებს და ჩვენს სოფლებს", - განაცხადა მერაბიშვილმა. 
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა იმაზეც, რომ უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ შეძლებს, ჩამოაყალიბოს საქართველოში ერთპარტიული მმართველობა და დიქტატურა. მერაბიშვილის თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უმრავლესობა ვერც კი გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებას.
"სწორედ ამიტომ ივანიშვილი ბრაზობს. ის არის გაბრაზებული და ამიტომ ის პირადად ემუქრება პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს. მე მინდა მივმართო პრემიერმინისტრს, თქვენი მუქარა ჩვენ ვერ შეგვაშინებს და ხელს არ აგვაღებინებს იმ გზისგან, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ", - აცხადებს მერაბიშვილი. 
ვანო მერაბიშვილი მისი დაკითხვის თემასაც გამოეხმაურა და მიმართა მთავრობას, რომ  სოციალური აგენტებისა და იმ ყოფილი პოლიციელების ნაცვლად, რომლებსაც დასაქმების პროგრამასთან თუ პოლიციის შენობების აშენებასთან დაკავშირებით კითხავენ, ის დაკითხონ, რადგან სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების სამინისტრო და სწორედ მისი ინიციატივით შენდებოდა პოლიციის შენობები.
”მე მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა ამ შეკითხვას. მესამედ დამიძახებენ, იმედია, მეოთხედაც დამიძახებენ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ მეოთხედ უფასო იქნება მისვლა და მზად ვარ, ამ აქციაში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

კომენტარები