საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთვის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლე დავით ჯუღელს გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მიმართა.
ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს დაუშვებლად ეცნო ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: გუნავას ჩხრეკის ოქმი და მისი დაკავებისას ამოღებული ჰეროინი და მაკაროვის იარაღი, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის არსებობა დადასტურდა. მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერაა გაყალბებული.
როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, გუნავას დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ნარკოტიკი მას მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს, ხოლო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაკითხვისას აცხადებენ, რომ გუნავას ნარკოტიკი მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს. ველიჯანაშვილის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნაც გაყალბებულია, რადგან ალტერნატიული ექსპერტიზით გუნავას სხეულში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა.
გუნავას ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, თითქოს გუნავამ დანაშაული მართლაც ჩაიდინა.
თენგიზ გუნავას საქმის არსებითი განხილვა 18 თებერვალს გაიმართება. მას ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკის შენახვა-მოხმარება.




