დღეს, 4 იანვარს, კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერებმა - დავით საგანელიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა და გიგა ბუკიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენეს.
კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ უმცირესობის წევრების დადებით ან უარყოფით პასუხზე.
"ვინც იტყვის - კი, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის - არა - მის მოსმენაზე და მათთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
კოალიციის სახელით დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ის, ვინც თავს აარიდებს პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და აცხადებს, რომ სახელმწიფო - ეს სააკაშვილია.
"ანუ აცხადებს, რომ სახელმწიფო - ეს სააკაშვილია, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო - ეს ქართველი ხალხია. ამიტომ დღეიდან საჯარო, საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში ვიწვევთ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - სააკაშვილი თუ საქართველო? დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა?
წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასდროს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე, უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს და განაცხადონ, "კი" თუ "არა". ეს არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფლმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტ-ნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს. ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული მათგანი, ხალხს თუ დიქტატორს", - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მიმართვაში, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე დავით საგანელიძემ წაიკითხა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვაში საუბარია 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზეც. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა.
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიული სამყაროსთვის, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასათვის თვალში ნაცრის შეყრას, მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე", - ნათქვამია მიმართვაში.
უმრავლესობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და უარი თქვან წარსულის სიმახინჯეზე და პოლიტიკური მომავლისაკენ სწორი ნაბიჯი გადადგან.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დეკემბერის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ინიცირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება, თუმცა შეეძლება დაითხოვოს პარლამენტი, რა შემთხვევაშიც რიგგარეშე არჩევნებამდე უფლებამოსილებას შეინარჩუნებს არსებული კაბინეტი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთად უნდა ითათბიროს.
"როცა იქნება ამ ცვლილებების აუცილებლობა, ეს უნდა მოხდეს 150 ხმით და არა 100 ხმით. თუ არის კონსტიტუციური ცვლილებები, ყველამ გავაკეთოთ ის და არა ცალკე აღებულმა რომელიმე ფრაქციამ, ჯგუფმა ან მოსყიდულმა, დაშინებულმა გადათრეულმა დეპუტატებმა", - განაცხადა პრეზიდენტმა 1 თებერვალს.




