დღეს, 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და სისტემის განვითარების სტრატეგიას წარუდგენს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე რეფორმა ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რაც რესურსის რაციონალურად გამოყენებასა და შედეგების მიღწევაზე უარყოფითად აისახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ჩამოყალიბდა რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაა.
2013 წლის განვითარების სტრატეგიაში გამოყოფილია რეფორმის ძირითადი პრიორიტეტები - სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია და ა.შ.




