მთავარი პროკურატურა პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მას პროკურატურაში 2013 წლის 4 თებერვალს, 14 საათზე ელიან.
"პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი, კანონით დადგენილი წესით, მოწვეული იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩვენების მისაცემად. თუმცა არ გამოცხადდა.
ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის გარემოებების გამოძიება-დადგენისა და ამ საქმის გამოძიებისას დაშვებული კანონდარღვევების გამოვლენისადმი განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმეორებით იწვევს გიორგი ღვინიაშვილს ამ საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად. 2004-2005 წლებში გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით თბილისის პროკურორი იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.
თავად ღვინიაშვილი კი დაკითხვაზე გამოცხადებას არც ამჯერად აპირებს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიების კითხვებს პარლამენტში გასცეს პასუხი.




