ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი გუშინ, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ''ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს'', - განაცხადა მერაბიშვილმა შეხვედრაზე.
''სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, მე გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, 4 წელი დაველოდოთ. მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორც გამოჩნდა, როგორც მინიმუმ საქართველოს დასუსტება, არ უნდა დავუშვათ'', - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს ''მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას'' და ნაციონალურმა მოძრაობამ ''ინიციატივის რაღაც ფორმით ხელში აღება უნდა დაიწყოს''.
"როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკვე ადვილად გადიხარ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.





