საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს და მწვრთნელებს ხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან ყიფიანი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს სათათბირო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ლუკა კურტანიძეს, მწვრთნელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ხვდება.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი და ოლიმპიური ჩემპიონი - ზურაბ ზვიადაური ესწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელებთან - ზაზა თურმანიძესთან, ნუგზარ სხირელთან და თემურ ბენდიანშვილთან ერთად, ედიშერ მაჩაიძე, მარლენ ოსიყმაშვილი და ლევან თედიაშვილი იღებენ.

ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები