პრეზიდენტი

სააკაშვილი: ეს რკინიგზა რუსეთისთვის კავკასიის დასაპყრობად პლაცდარმი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის გახსნას შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე თავადაც არის, მხოლოდ - აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად.

"სად დგება ქართველი მესაზღვრე? სანამ ამ კითხვას არ გაეცემა პასუხი, ეს რკინიგზა იქნება რუსეთისთვის პლაცდარმი კავკასიის დაპყრობის, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებისა და ირანზე გასვლისთვის. რატომ ვართ ჩვენ პაიკი ჩვენთვის ძალიან მძიმე და რუსეთისთვის ძალიან გასაგებ, იაფფასიან თამაშში?! რატომ აქცევენ საქართველოს პაიკად, როცა ის ხდება დიდი სტრატეგიული მოთამაშე ახალი რკინიგზით, რომელიც საქართველოს აკავშირებს თურქეთთან, ევროპასთან?!" - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ეს პროექტი უკვე პრაქტიკულად მზადაა, მაგრამ როგორც თავის დროზე ვიღაცებმა სამტრედიაში გადაკეტეს რკინიგზა, ისე ახლა გამოუშვეს ჩვენი დროის ახალი გადამკეტავები ახალქალაქისთვის. აი, ესა რუსული თამაში. ეს არაა შეთქმულების თეორია. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები