პრეზიდენტის პრესსამსახური პატიმრობიდან გათავისუფლებულ ვაჰაგნ ჩახალიანთან დაკავშირებით საქართველოში სომეხთა ეპარქიის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხთა ეპარქიის პოზიცია
გაკვირვებას იწვევს, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩახალიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს.
"უპირველეს ყოვლისა, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ. მრავალეთნიკურობა და მრავალკონფესიურობა არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე და თავისუფლება ეფუძნება. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს საქართველოში სომეხთა ეპარქიის ბოლო განცხადება, რომელიც საქართველოს მოქალაქის ვაჰაგნ ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებას უკავშირდება. საქართველოს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩახალიანის ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის მიერ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებს", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა თავისი კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება განხორციელებული ამნისტიისა და განსაკუთრებით, რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების მიმართ, რომელთა შორის დიდი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.
"ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გათავისუფლებულ პირებს შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც გასამართლებული იყვნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისათვის (ასეთები არიან იური სკრილნიკოვი, არმენ გევორქიანი) და რომელთა გათავისუფლებასაც რუსეთის ფედერაცია დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჩახალიანთან დაკავშირებით სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება 26 იანვარს გაავრცელა, რომელშიც სომეხი პატიმრის გათავისუფლების თაობაზე მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის განცხადებებია გაკრიტიკებული.





