კანონპროექტი

კოტე კუბლაშვილი: ვენეციის კომისიის წარმომადგენლები 30 იანვარს ჩამოვლენ

იანვარს საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

"ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ავუხსნით ძალიან გარკვევით ჩვენს პოზიციებს და იმედი მაქვს, რომ ისინი სწორედ ჩვენ მიერ წარმოდგენილ პოზიციას დაეთანხმებიან", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის ინიციატივით უზენაესი სასამართლო გამოდის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უფრო მეტი გარანტიების მიცემას ითვლისწინებს, კუბლაშვილის განმარტებით, პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნები არ ჰქონიათ. 

"მათ კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები უფრო მეტად გააძლიერებს ზოგადად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩემს წინადადებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი უკვე წარდგენილია და ის მხარს უჭერს თავის პროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ პოლიტიკური შეხედულებების გამო ვერ შეიტანოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - განაცხადა კუბლაშვილმა. 

კომენტარები