ავსტრალიის ღია პირველობა

ფედერერი იგებს, დელ პოტრო კი პირველობას ნაადრევად გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეექვსე ნომრად განთესილი ხუან მარტინ დელ პოტრო ზედა ეშელონიდან პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.  

არგენტინელი ფრანგ ჟერემი შარდისთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა. თავდაპირველად შარდიმ პირველი ორი სეტი მოიგო, მაგრამ დელ პოტრომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. საბოლოოდ, ფრანგმა შეხვედრა ეისით დაასრულა და შემდეგ რაუნდში ანდრეას სეპის შეხვდება.

გამარჯვება მოიპოვა ენდი მიურეიმ. ბრიტანელმა ლიტველი რიკარდას ბერანკისის ბარიერი დაძლია ანგარიშით 6:3, 6:4, 7:5.

როჯერ ფედერერმა კი მასპინძელი პუბლიკის იმედები საბოლოოდ დაასამარა. შვეიცარიელმა 20 წლის მოწინააღმდეგე ბერნარ ტომიჩი 6-4, 7-6, 6-1 დაამარცხა და ამით გასული წლის შედეგი გაიმეორა. შარშან ფედერერმა ახალგაზრდა ავსტრალიელს იოლად სძლია.

შემდეგ ეტაპზე, შეიცარიელი ჩოგბურთელი, ახალგაზრდა კანადელს მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება. 

კომენტარები