საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 17 იანვარს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა.
"იცით, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო - 8 წელი იყო საქართველოში ჩემი მთავრობა, ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველ მასალებს შეიცავდა. შეიძლება ბევრი იფიქროთ და ვერ მოიფიქროთ. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ესაა ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხი. ამიტომ, შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება ასეთი მასალების გავრცელება, დაისჯება ის სისხლისსამართლებრივად. თუ სახელმწიფო ორგანოებს ასეთი მასალა ჩაუვარდებათ, ის განადგურებულ უნდა იქნას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას "ბევრი ცუდი რეჟიმი ცდილობს" და შემდეგ აქვეყნებს მას ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა მისი თქმით, იგი არ იცნობს მსოფლიოს არცერთ პროკურატურას თუ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც მსგავსი ტიპის მასალას ოფიციალურად ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურამ მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ესაა ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსულ ოლიგარქებზე გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში, რაც ისწავლეს, იმას აკეთებდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტის კითხვას, რომელი უფრო მეტი დანაშაულია - პირადი ცხოვრების შემცველი მასალების მოგროვება, შემდგომი შანტაჟის მიზნით, თუ მათი გამოქვეყნება - პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "ყველანაირი შეგროვება უკანონობაა, მაგრამ გავრცელებაც დანაშაულია. ამიტომ ვიღებთ ამ კანონს, რომ ეს მომავალში საერთოდ გამოირიცხოს. შეგროვებაც დანაშაული იყოს და გავრცელებაც დანაშაული იყოს".





