საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია, სადაც პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული იდეა ''ქუთაისის მკვლელობისა და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკაა''.
"თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი და ათიათასობით სამუშაო ადგილი, ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც გვსურდა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო. ისინი ამბობენ, ჩვენ ვბრუნდებით სახლშიო. საქართველოს მმართველების სახლი მხოლოდ თბილისის ერთი კვარტალი შეიძლება იყოს? თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ''დღეს ძალიან მოდაშია ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა'', ის, რომ დღეს არის დენი, ხალხს არ სძალავენ ქრთამს და არ არიან ქურდები, მისი და ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა.
"ერთი პრობლემაა, უშუქობას, კრიმინალს, ქურდებს, კორუფციას ჰქონდა სახელები და გვარები და ეს სახელები და გვარები ცოცხლები არიან. მათი ძირითადი ნაწილი დაბრუნდა კაბინეტებში და მეტიც, მათ გადაწყვიტეს ქუთაისს წაართვან პარლამენტი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





