პენიტენციური სისტემა

№18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი შიდსით გარდაიცვალა

№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 47 წლის პატიმარი შიდსით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა.

"№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2013 წლის 3 იანვარს, დილის 04:30 საათზე გადაიყვანეს #16 დაწესებულებაზე რიცხული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან, დიაგნოზით: აივ ინფექცია (შიდსი) C3 სტადია, პნევმოცისტური პნევმონია, აივ ასოცირებული განლევის სინდრომი, ტერმინალური მდგომარეობა, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(-) უარყოფითი, იშემიური ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, მარცხენამხრივი ჰემიპარეზის სახით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული 2012 წლის ნოემბერში იდენტიფიცირებული იყო როგორც განუკურნებელი სენით დაავადებული და შეყვანილი იყო სიაში, რომელიც მინისტრმა პრეზიდენტს გადაუგზავნა, მაგრამ მსჯავრდებულმა უარი განაცხადა შეწყალებაზე.

''ამასთანავე, გ.ს-ს ბოლო თვეების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდა შეწყვეტილი შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი და პაციენტის წერილობითი უარი დატანილია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში. გარდაცვლილი მსჯავრდებული სამჯერ იყო ნასამართლევი, პირველად სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ.177 მუხლის, II ნაწილის, "ა,ბ" პუნქტის, მეორედ სსკ 178 მუხლის III ნაწილის "ა" პუნქტის, მესამედ სსკ 273 მუხლის თანახმად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები