საკონსტიტუციო ცვლილებები

ივანიშვილი: სააკაშვილს შეუძლია 3 თვის შემდგომ დაითხოვოს პარლამენტი

დეკემბერს, ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილის „დანაშაულებრივი სისტემის“ საკონსტიტუციო გზით გაფორმებაზე. მან იქვე დასახა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი გეგმაც.
პრემიერის თქმით, ყველაზე ცუდი, რაც გააკეთა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, არის  კონსტიტუციაში ჩადებული გარანტიები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს აქვს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება.
„ამ კაცს აქვს ახლა მზაობა და აღარ ფარავს, და ვეღარ ფარავს, და როგორმე უნდა შეფუთოს... კონსტიტუციაში ჩადეს და გაატარეს, და მოახერხეს ის, რაც არ არსებობს არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, ვინც კი არჩევნებს ატარებს. როგორც წესი, ახალარჩეულმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს და დაამტკიცოს ახალი მთავრობა. სააკაშვილმა მოახერხა აბსოლუტურად მართვადი გუნდისაგან და მონაწილეებისაგან, რომლებიც მსხვერპლი არიან ამ სისტემის - რომელსაც მე ვამბობ, რომ დანაშაულებრივია - რომ პირველად, კონსტიტუციაში, რომელსაც არჩევნებზე აქვს პრეტენზია, პირველად ჩაიდო და გატარებულია და, რომელსაც საზოგადოება საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, და არავინაც არ იცის, და არავინაც არ აანალიზებს, და ვერც ხვდებიან, და ამით ყელყელაობს დღეს პრეზიდენტი... მას შეუძლია დღეს - პრეზიდენტს, რომელმაც წააგო არჩევნები, დაკომპლექტდა გუნდი, ჩვენი დამტკიცების მეორე დღესვე, მას უფლება ჰქონდა დაეთხოვა ხელისუფლება, ჩემი მეთაურობით და მთელი ხელისუფლება დაეთხოვა - შეუძლია ეს გააკეთოს დღესაც...“ - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერი ივანიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს თავიდანვე სურდა კრიზისის შექმნა:
„მან განაცხადა თავში ოდესღაც და, მე მგონი ბოკერიამაც, რომ ჩვენ შეგვიძლია კრიზისი შევქმნათ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ. ესე იგი, კარგი ბიჭები ვართ ჩვენ. აი, ამის მიჩქმალვა არ მინდოდა და აი, ეს მინდოდა მოსულიყო აქ და ენახა ყველას საქართველოში და ენახა საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ახლა თუ გავაანალიზებთ ამის ბოლო ერთკვირიან ან ორკვირიან გამონათქვამებს, ვერც თვითონ წავა წინააღმდეგ და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება, რომ ეს კაცი მოვიდა და მზად არის გადაიხვეწოს თვითონ და მთელი საქართველო წაიყვანოს. მაგრამ საქართველოს ვერ წაიყვანს, აქაც კიდევ არ იცის ბოლომდე რა ხდება“, - აცხადებს ივანიშვილი. 
ივანიშვილის თქმით, მან  სიტუაცია „გამწვავებამდე“ მიიყვანა. ახლა კი „დაავადების განკურნების“, „პრევენციის“ გეგმა აქვს შემუშავებული - იგი მზადაა დაფინოს „ხალიჩა, რომ არც სააკაშვილმა მოიტეხოს კისერი, მით უმეტეს, საქართველო არ შეარცხვინოს“. 
გეგმის დასახელებამდე პრემიერი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს:
„რამდენადაც პროცესები განვითარდა ისე, როგორც თქვენ ახლა იცით, საქართველოს მოსახლეობასაც კარგად მოეხსენება, ევროპელებმაც იციან, როგორ ვითარდება პროცესები სამართალდამცავ სტრუქტურებში, როგორ სდგება სამართლიანობა ქვეყანაში... სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის. მაგრამ, მათ ასე არ სურდათ. არ სურდათ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. მათი ნება იყო, ის დაავადება, რაც არსებობდა, უნდა მიგვეჩქმალა და დაგვეტოვებინა იქ, სადაც იყო. ამას მოითხოვდნენ ჩემგან გარედანაც და ამას ითხოვს ჩემგან ოპოზიცია დღესაც; ითხოვდნენ გარკვეულ ეტაპამდე, ახლა წავიდნენ ვაბანკზე. მე მიჩქმალვაზე არ დავთანხმდი. მათ უნდოდათ როგორმე პოლიტიკურად, აბა, არავის არ შევეხოთ, არაფერი არ მოხდეს, რამეთუ სააკაშვილმა არ გამოიყენოს ის, რაც ჩადო კონსტიტუციაში. პირიქით, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მიმეყვანა გამწვავებამდე და ამ კაცმა აჩვენა, რომ აბსოლუტურად თანახმაა, აბსოლუტური მზაობა აჩვენა, რომ მზად არის გამოიყენოს ის ყველაზე დიდი დარღვევა, ის ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც მან ჩადო კონსტიტუციაში. 
პრაქტიკულად, მან დაიტოვა უფლება, დაითხოვოს მთავრობა როცა უნდა, მეორე დღესვე ჩვენი მოსვლიდან.... დანიშნოს იგივე მერაბიშვილი ან უგულავა, ახლა არჩევანი მიდის. შეუძლია ახალაიაც გამოუშვას ციხიდან და დანიშნოს ისევ შინაგან საქმეთა მინისტრად - ერთ კაცს და პარლამენტის დამტკიცებას აღარა აქვს მნიშვნელობა. აი, ეს არის ყველაზე მწვავე კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ახალი მთავრობა, ამ შემთხვევაში... მას შეუძლია ახალ პარლამენტს სთხოვოს, ახალმა პარლამენტმა უთხრას უარი... პარლამენტს ვერ დაითხოვს, არ აქვს 6 თვე გასული... აი, ამის გაკეთებისთვის არის მზად“, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში. 
ივანიშვილის თქმით, მას შეეძლო მიეჩქმალა „ეს დაავადება“, რასაც უცხოელებიც ურჩევდნენ. თუმცა პრემიერი შეგნებულად არ ერეოდა და ხელს არ უშლიდა ამ პროცესს.
„შესაბამისად, აი, ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაშია ჩადებული - საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი, მოვედით უმრავლესობით, უმრავლესობით დააკომპლექტა გუნდი, გუნდი მოქმედებს აბსოლუტურად კორექტურად, ერთი კითხვა დასაბუთებული არა არსებობს. სააკაშვილი გამწარებული ცდილობს როგორმე შეფუთოს, რომ კორუფციაა ჩვენში, თუმცა მათი მინისტრები ვამხილეთ კორუფციაში და აბსოლუტურად სამართლებრივად. კიდევ ბევრი პროცესები, რაც მიმდინარეობს, მაქსიმალურად ცდილობს და აი, ყველაზე კარგი მცდელობა იყო და ამასაც კიდევ ცალკე გავშლი თემად, რომ აი, საკუთარი დედის მანქანით ვივლი, რომ დაცვა აღარ მეყოლება... იქ ამერიკის ელჩი მოვიდა, ეს ცალკე პროცესებია კიდევ და სამტკიცი ბევრი მაქვს გარდა ამისა... და ის, რომ სასამართლოს ანგრევენ, რომ სასამართლო სისტემა იცვლება, რასაც თვითონ აკონტროლებენ დღემდე... თავისუფალი ტელევიზიები და ასე შემდგომ... ცდილობს როგორმე შეფუთოს, რომ გაამართლოს, რომ 2 თვის შემდეგ ამ კაცს შეუძლია დაითხოვოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, პარლამენტზე არ უწერია კანონში, მაგრამ არც აინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.  
ამ სიტუაციიდან გამოსავალს პრემიერი ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს. 
„რას ნიშნავს პრევენცია. პირველ რიგში, რომ ამის შესახებ მე ვსაუბრობ... და მეორე, რაც უსუფაშვილს პირველს ავუხსენი - უსუფაშვილი თვითონ ცოტა გაოცებული იყო, თვითონ ვერ გრძნობდა ამას, თუმცა ის ჩემს გუნდში ყველაზე გამოცდილი და ყველაზე ნიჭიერია პოლიტიკური გუნდის წევრებიდან - მე მას ავუხსენი, როგორ უნდა განვითარებულიყო შემდგომი პროცესები და მან ეს უკვე დაიწყო პარლამენტში... შეხვედრაც ჰქონდა უმცირესობის წევრების ნაწილთან და აუხსნა, რომ ჩვენ ვამზადებთ ახლა კანონპროექტს... ხვალ-ზეგ დაიწყებს ალბათ ხელმოწერების შეგროვებასაც, რამდენადაც კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება ამის შეცვლას. და დავიწყებთ ზუსტად ამ ნაწილის შეცვლას. და თანაც დავიწყებთ ამას არა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ - რომ ევროპელებმა ხმა არ ამოიღონ, ან ისევ მათ არ დაიწყონ და არ ატეხონ ყიჟინა, უმცირესობა მაქვს მხედველობაში - მათ სასარგებლოდ. ის, რომ მას არ აქვს უფლება, 6 თვეზე ადრე დაითხოვოს პარლამენტი, ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მას. მას შეუძლია 3 თვის შემდგომ დაითხოვოს პარლამენტი და... მას მიენიჭება უფლება, თუ არ მოსწონს მთავრობა, დაითხოვოს მთავრობა, ახალს პარლამენტი არ უმტკიცებს და დააყოლებს პარლამენტსაც და დაინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები