შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამნისტიის კონკრეტულ მუხლებს არ ეთანხმება.
"თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება საქმე, ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალინ პრინციპულები. დიახ, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ჩვენ, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხავავებული პოზიცია გვქონდა. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ჯაშუშები, ეს არის გახმაურებული თემა. მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე", - განაცხადა მინისტრმა.
ღარიბაშვილის პოზიცია პრეზიდენტის შეხედულებას კიდევ ერთ საკითხში დაემთხვა. მინისტრის თქმით, ამნისტია არც პედოფილებს არ უნდა შეეხოთ.
"პედოფილიაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მძიმე დანაშაული. პირადად მე ასეთ ადამიანებს, ალბათ, არ გამოვუშვებდი ციხიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონზე პრეზიდენტმა 27 დეკემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის გარკვეულ ნაწილს ვეტოს დაადებს.





