ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პროცესები არ ჩამთავრდება ერთ თვეში, როგორც ჩანს

დღეს, 24 დეკემბერს, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და, მათ შორის, პროკურატურის და სასამართლოს მუშაობაზეც ისაუბრა.  
”რამდენად ეფექტურად მუშაობს პროკურატურა, ჩემგან ანალიზი ცოტა რთული იქნება, ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და ექსპერტებმა”, - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერის თქმით, მან კადრები ”უმწიკვლო წარსულისა და წესიერების” საფუძველზე შეარჩია, კერძოდ - არჩილ კბილაშვილი, თეა წულუკიანი და  ირაკლი ღარიბაშვილი. 
”თუ არის ცდომილებები, ეს არ იქნება გააზრებული და შეგნებული ცდომილებები. მუშაობის პროცესში შეიძლება გადაცდომები მოუვიდეს პროკურატურის თანამშრომელს, ასეთი ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა და ძალიან კარგია, რომ რეაქციაც გაკეთდა მასზე და თქვენ კარგად გაიგეთ”, - განაცხადა ივანიშვილმა და თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებული მოკვლევის შედეგები შეახსენა საზოგადოებას, რომლის შედეგად შს სამინისტრომ კრიმინალური პოლიციის 5 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.  
”ის ფონი, რაც შეიქმნა საზოგადოებაში - ლამის პროკურატურა ყველაფერს შერჩევით აკეთებს და პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ, ეს მხოლოდ ჩვენი ოპონენტების მიერ შექმნილი აჟიოტაჟია”, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა ”მოთმინებით, ანალიზის უნარით, მშრალად” მიუდგეს საკითხს, რადგან ”პროცესები არ ჩამთავრდება ერთ თვეში, როგორც ჩანს, და ეს პროცესები გაჭიანურდება”. 
ივანიშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ თავად ვერ ახერხებს პროცესებისთვის თვალის დევნებას, რადგან ტელევიზიებს იშვიათად უყურებს, ”მით უმეტეს, ვერ ვეცნობი საქმეებს და არ მქონია ამის სურვილი არცერთ საქმეს გავცნობოდი, გეფიცებით”.
”საზოგადოებამ, ექსპერტების დახმარებით, უნდა გააკეთოს დასვენები, რამდენად ეფექტურად მუშაობს პროკურატურა და არ დაექვემდებაროს იმ პიარ კამპანიას, რომელიც ყველაზე კარგად ჰქონდა შესწავლილი წინა გუნდს და რომელსაც დღესაც ცდილობენ ეფექტურად გამოიყენონ”, - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერი სასამართლოს მიერ სხვადასხვა ბრალდებულების წინასწარი პატიმრობიდან გამოშვების საკითხსაც შეეხო. 
”გამოშვებებს რაც შეეხება, გვარამიას ბოლოს და საერთოდ სასამართლოსთან დამოკიდებულება - მეც ვიცი წულუკიანისგან და სხვა ჩვენი გუნდის წევრებიდან, თქვენც მოგეხსენებათ საზოგადოებას, როგორი სასამართლო გვყავდა ჩვენ. დღეს, გამოდიან ჩვენი ოპონენტები და ამას - ყველაზე საუკეთესო სასამართლო სისტემას ვგულისხმობ - წარმოაჩენენ ყველაფერს თავუკუღმა და ყირაზე აყენებენ... სასამართლოსთან დაკავშირებით უამრავი კითხვები არსებობდა. დღეს იგივე ჯგუფით, ისეთივე ტიპით და ისეთივე სტილით იმართება. მე კონკრეტულ შემთხევებზე, ვინ როგორ გამოუშვეს და რამდენად სასამართლოს ბრალეულობა იყო - თავს შევიკავებდი ამისგან, რამდენადაც მე ჯერ დრო არ მაქვს, რომ ანალიზი გავაკეთო და მერე, მე პროფესიონალი არა ვარ”, - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა დაწყებულია და მას იმედი აქვს, რომ ამ რეფორმის შედეგად სასამართლო მაქსიმალურად დამოუკიდებელი  გახდება პოლიტიკური ჩარევებისგან.  
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რა მოხდება მაშინ, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს და საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებს დაბლოკავს, ივანიშვილმა განაცხადა:
”მაგ ვეტოთი ორ კვირას დავკარგავთ მაქსიმუმ და გადაილახება პარლამენტში”.
ივანიშვილმა ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, პროკურატურა ამ საქმით ცოტა მოგვიანებით დაინტერესებულიყო. თუმცა, პრემიერის განცხადებით, იგი არ უდგენს რიგითობას სამართალდამცავ უწებებს. 
”პოლიტიკურად მე რასაც ვითხოვ სამართალდამცავი სტრუქტურებისგან - არ იჩქარონ და მაქსიმალურად ხარისხიანად აწარმოონ თითოეული პროცესი. მე არ გამოვრიცხავ, რომ იმდენად მარტივია ქართუ ბანკთან დაკავშირებული საქმე, იმდენად შავზე თეთრითაა დაწერილი, რომ პროკურატურას გაუიოლდება აქ გამოავლინოს. თანაც ჩართულია მთელი ხელისუფლება პრაქტიკულად, პარლამენტის ჩართვით, თუ გნებავთ. მთელი პოლიტიკური სტრუქტურა მონაწილეობდა ამ საქმეში. შესაძლებელია, ამ კუთხით აქვთ სურვილი. თუმცაღა ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა, რომ ეს არ იყოს კავშირში ჩემთან”, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები