"ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანებით დასახლებული საზოგადოება და არა ვიღაცის წყალობაზე და ხელის ლოკვაზე დამოკიდებული საზოგადოება. ჩვენ არ გვინდა დავადგეთ ისევ მუქთახორა ბოლშევიკების გზას. ჩვენ გვინდა ილია ჭავჭავაძის გზა. გამოსავალი არის განვითარებაში. თოვლის ბაბუა გამოსავალი არ არის. თანამედროვე ეკონომიკაში არ არსებობს თოვლის ბაბუა," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე.
"არა მგონია, რომ ჭორვილას მოდელი შეესაბამებოდეს მრავალსაუკუნოვან, მრავალკულტურულ ქართულ საზოგადოებას და ეს იყოს ჩვენი გამოსავალი. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოს ჭორვილიზაციისაგან," განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფოს იდეას და ბოლშევიკების იდეას ჰგავს. პრეზიდენტის თქმით, ილია ქართველ ერს ასწავლიდა დამოუკიდებლად ემუშავა, მაშინ როცა ბოლშევიკები უმუშევრად დაჰპირდნენ ხალხს რჩენას.
ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის წევრები სხვადასხვა რეგიონების საკრებულოებიდან და პარლამეტის წევრები. ყრილობას ესწრებოდა უკრაინის ოპოზიციური პარტიის, "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკოც.




