საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის შესახებ ივანიშვილის განცხადება შემაშფოთებელია

 საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერმინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს.

”მე ძალიან შემაშფოთა ამ განცხადებამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვაზე და იმაზე, რომ შესაძლოა, შეჩერდეს ეს მშენებლობა იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების. იმიტომ, რომ ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რუსეთის გვერდის ავლით დავუკავშირდეთ ევროპას და საქართველო პირდაპირ მიუერთდეს ევროკავშირის ქვეყნებს იმ პირობებში, როდესაც მივდივართ ევროკავშირისკენ, უვიზო მიმოსვლისკენ, ასოცირების ხელშეკრულებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენაც მომავალში” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა რუსული ენერგოკომპანიების საინვესტიციო ვალდებულებებისგან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც.

”მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ რაღაცის სანაცვლოდ მთლიანად გადავერთოთ რუსულ ელექტროენერგიაზე, პრაქტიკულად მოვუხსნათ  რუსულ ელექტროკომპანიას ვალდებულება აქ.  ეს ვალდებულება ემსახურებოდა ახალი სიმძლავრეების შექმნას სწორედ საქართველოს შიგნით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას. ეს ორივე გადაწყვეტილება, ან განცხადება მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, პირდაპირ გვაშორებს ჩვენ ევროპისგან  და გვაკავშირებს კაბალური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან. მე ვფიქრობ, ეს არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბოლო წლებში. რამდენიც  უნდა ვილაპარაკოთ, რომ ევროპული კურსი გვაქვს, ნატო გვინდა, თუ რეალურად აკეთებ იმას, რაც ახლა ავხსენი, ან აპირებ ამას, მაშინ ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ მიესალმა გუშინ პუტინი საქართველოს მთავრობისგან პოზიტიურ სიგნალებს. პუტინისთვის მთავარია, ენერგეტიკულად, ტრანსპორტის თვალსაზრისით, სტრატეგიულად მივებათ. ახლა ეს ყველაფერი თუ მოხდა, მერე რამდენიც გვინდა ვიძახოთ, რომ ნატო გვინდა და ევროკავშირი, აღარაფერს აღარ ნიშნავს ეს”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე დაამატა, რომ კატეგორიულად მოითხოვს, ეს საკითხები არ გადაიხედოს და  არანაირი გადაწყვეტილებები მთავრობამ ამ მიმართულებით არ მიიღოს

 

კომენტარები