მთავარი პროკურატურა

გვარამიას, კანდელაკს, დამენიას, ნემსიწვერიძეს და გუტიძეს ბრალი წაუყენეს

თელასის საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას, დევი კანდელაკს, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძეს და იზაბელა გუტიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. გამოძიება მათ ცრუ მეწარმეობაში, ფულის გათეთრებაში, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაში ადანაშაულებს. 
გვარამიას 4 მუხლით აქვს წაყენებული ბრალი - სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლი (ქრთამის აღება), 194-ე მუხლი (ფულის გათეთრება), 210-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის დამზადება) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება).
ნემსიწვერიძეს გამოძიება ცრუ მეწარმეობაში ადანაშაულებს, ასევე ბრალად ედება ქრთამის აღებაში დახმარება, უკანონო დოკუმენტის დამზადება და დახმარება შემოსავლების ლეგალიზებაში.
გუტიძეს პროკურატურამ ბრალი 3 მუხლით წაუყენა - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით დაფარვა.
კახა დამენიას კი პროკურატურამ 4 მუხლით წაუყენა ბრალი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება, ქრთამის აღებაში დახმარება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
ბრალდებულები თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ - ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატები ავრცელებენ. 
აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე,  სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები