საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ რეზონანსთან საუბარში, ნიკა გვარამიას დაკავების თემას შეეხო. მისი თქმით, ''ამ აჟიოტაჟის პირობებში'' უკეთესი იქნებოდა, გვარამია ''საერთოდ არ აეყვანათ''.
''გვარამიას შემთხვევაში, შემიძლია, ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ გნებავთ, როგორც პოლიტიკოსისაც, პოზიცია დავაფიქსირო, რომ იმ აჟიოტაჟის პირობებში, რის გამოწვევასაც ესენი მაინც ახერხებენ, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ აეყვანათ და კარგი იქნება, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს. ამის ფორმები ხომ არსებობს?! მაგრამ კბილაშვილმაც და წულუკიანმაც კარგად იციან, რომ პრინციპულად ვიცავ სუბორდინაციას და არ ჩავერევი. მაგრამ, ჩემი, ერთი ადამიანის და პოლიტიკოსის, პოზიციაა, რომ უკეთესი იქნებოდა, არ აეყვანათ და კარგი იქნება, თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს. მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი'', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას, როგორც ''თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაკავება'' არასწორი ფორმულირებაა, რადგან გვარამიამ ტელეკომპანიის დირექტორობამდე ''დიდი დრო გაატარა მინისტრად, თანაც სხვადასხვა მინისტრი იყო, იუსტიციის, განათლების და გენპროკურორის მოადგილე''.
''ჯერ როგორი თავისუფალი ტელევიზიაა "რუსთავი 2" და ამასთან დაკავშირებით რამდენი კითხვაა, ხომ კარგად ვიცით? ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს სააკაშვილის ტელევიზიაა და თუ სააკაშვილი თავის თავს აღიქვამს თავისუფლებად, რომ ის არის თავისუფლების სიმბოლო და ამიტომ "რუსთავი 2"-ს თავისუფალი უნდა ვუწოდოთ, მაშინ შეიძლება'', - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





