"მასწავლებლებს ხელფასს ვერ ვაძლევთ დეკემბრის თვეში, იმიტომ რომ წინა მთავრობამ თქვენ (რუსთავი 2-ს) ჩამოგაჭრათ 4 მილიონი ლარი აგვისტოს თვეში", - ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში 2011-2012 წლებში 61 403 მასწავლებელია. თითოეული მათგანი თვეში საშუალოდ 275 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს. ჯამში, ყოველთვიურად ბიუჯეტიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების გაცემას 17 მილიონ ლარამდე ხმარდება.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, დავით ზურაბიშვილი, რომელიც დღეს განათლების მინისტრის მოადგილეა, აცხადებდა, რომ მასწავლებელთა ხელფასები 2012 წელსვე უნდა გაზრდილიყო.
"დანამდვილებით თანხის რაოდენობას, თუ რამდენით გაიზრდება ეს ხელფასები, ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს არსებული რესურსიც იძლევა იმის საშუალებას რომ ეს ზრდა დაფიქსირდეს. აქ საუბარი არ არის 2 ან 5 ლარის მომატებაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა1 ნოემბერს პრაიმ ტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
განათლების სამინისტროში ფინანსთა მინისტრის ინფორმაციას არ ადასტურებენ. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დეკემბრის თვეში მასწავლებლები კუთვნილ ხელფასებს დროულად მიიღებენ.




