საპროტესტო აქციები

მთავარ სამმართველოსთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მასთან ერთად 19 დეკემბერს დაკავებული სხვა პირები იმყოფებიან. მონაწილეები თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, დაკავებების სერიას, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ ხელისუფლება თავის დაპირებებს არ ასრულებს.

როგორც კოკი იონათამიშვილმა, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ, განუცხადა მედიას, რითიც შეიძლება ნაწილობრივ გამოსწორდეს შეცდომები, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ დაუშვა, ნიკა გვარამიას და გუშინ დაკავებული კიდევ რამდენიმე ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება იქნება. მისი თქმით, წარდგენილი ბრალდებები მტკიცებულებებს არ შეიცავს, მით უმეტეს, რომ ინტერ რაომ უკვე გაავრცელა განცხადება. "ეს არის ცალსახა პოლიტიკური დევნა. ეს არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. ეს არის მიმართული ჩვენი საზოგადოებისა და განვითარების წინააღმდეგ", -განაცხადა მან.

დღეს გამართული კიდევ ერთია აქცია უკვე დასრულდა მშვიდობის ხიდზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინიც არა მხოლოდ გუშინდელ დაკავებებს, ასევე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებდნენ. ორგანიზაციებმა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" შექმნეს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასა და კოჰაბიტაციას.

 

კომენტარები