სახალხო დამცველი

უჩა ნანუაშვილი: დაკავებულები არიან ემოციების ქვეშ, მათ ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ნიკა გვარამია, კახა დამენია, დევი კანდელაკი, იზაბელა გოტიძე და გიორგი ნემსიწვერიძე მოინახულა. 
ნანუაშვილის თქმით, არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და წარმოდგენა არ აქვთ იმ საქმეზე, რაზეც მათ ედავებიან. როგორც ნიკა გვარამიამ სახალხო დამცველს განუცხადა, მისი დაკავება ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მის საქმიანობას უკავშირდება, რასაც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აფასებს. 
"დაკავებულები არიან ემოციების ქვეშ, მათ ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მანამდე დაიკითხნენ, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ იქნა გუშინ მათი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნა ნანუაშვილმა.
ტაბულასთან საუბარში უჩა ნანაუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი საქმის მასალებს გაეცნობა და განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს: „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელს აკავებენ. თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. ვფიქრობ, რომ არსებული მასალების შესწავლის შემდეგ, უახლოეს დღეებში, გავაკეთებთ განცხადებას. ნიკა გვარამიაც იყო  საკმაოდ გაოგნებული. როგორც აცხადებს, ძალიან ბევრ იურიდიულ დოკუმენტზე ქონდა მას ხელი მოწერილი, გაფორმებული. ის არის გაურკვეველ მდგომარეობაში,   დაკავებას უკავშირებს პოლიტიკურ მოტივებს და მის ტელევიზიის დირექტორად მუშაობას".
ომბუდსმენის თქმით, მან ჯერ არ იცის, რის საფუძველზე მოხდა დაკავება, თუმცა ცოტა გაუგებარია, რატომ გახდა ეს აუცილებელი:
„აქ არ არის საუბარი მძიმე დანაშაულზე, რამდენადაც ეკონომიკური დანაშაულის გამოძიება ხდება. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ იყო [დაკავების] აუცილებლობა გუშინ, მითუმეტეს, როცა ეს ადამიანები იყვნენ დაკითხულნი მოწმის სტატუსით. ამ ყველაფერს, მასალებს გავეცნობით და მერე მოვახდენთ რეაგირებას"
ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ არცერთი დაკავებული მოპყრობას არ უჩივის. ნანუაშვილის თქმით, გუშინ ნიკა გვარამიას საკანში ციოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემა გადაწყვეტილია.
რაც შეეხება ალექსანდრე ხეთაგურს, ნანუაშვილი მას სავარაუდოდ, ხვალ მოინახულებს. მოდულის შენობაში დღეს ხეთაგურთან ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები მივლენ. 

კომენტარები